კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა საქართველოში

ახალი კლასტერი თბილისში – საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დღეს კორონავირუსის კიდევ ცხრა შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების პირველწყარო კი, სავარაუდოდ, მედიკოსია, რომელსაც „კოვიდ-19“ ორი დღის წინ დაუდასტურდა.

ახალი ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები და მათთან ახლო კავშირში მყოფი პირები არიან. დამატებითი კონტაქტების გამოსავლენად, საცხოვრებელ კორპუსში ეპიდემიოლოგები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. დილის მონაცემებით კი, სულ ქვეყანაში, ვირუსის 11 ფაქტი დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შეზღუდვების გაუქმებასთან ერთად, შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ჰიგიენის წესები და სოციალური დისტანცია.