კორონავირუსი - ვითარება საქართველოს რეგიონებში

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით, აზერბაიჯანის მოქალაქე, 68 წლის მამაკაცი შეიყვანეს. ის წყალტუბოს საკარანტინო სივრციდანაა გადაყვანილი. ამ დროისთვის სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კი 14 პირის ტესტზე ყველა პასუხი უარყოფითია. ერთი ნიმუში სატვირთოს მძღოლის კლასტერს ეკუთვნოდა, რომელიც რუხის საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა. მას ორჯერ ჩაუტარდა შუალედური ტესტირება, ორივე პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა და ახლა ის გამოჯანმრთელებულად ითვლება. პაციენტი არასრულწლოვანია.

დღესვე კვლევა ჩაუტარდათ „ცხელების ცენტრის“ ათ პაციენტს, რეგიონის ორ სამედიცინო პერსონალს და ორ პირს საკარანტინო სივრციდან. ამ დრომდე ჩაკეტილია ბოლნისის ორი სოფელი – მუშევანი და გეტა. უკვე ცხრა დღეა, ბოლნისში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა, თუმცა, იმისთვის, რომ სოფლების გახსნა მოხდეს, ორი საინკუბაციო პერიოდი უნდა გავიდეს. სოფელი გეტა, სავარაუდოდ, 18 ივნისს გაიხსნება. ჯერჯერობით, არ საუბრობენ მუშევანის გახსნაზე. სულ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 185 დადასტურებული შემთხვევაა. ოთხი გარდაცვალება.