კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში „კოვიდ-19“ ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზე მიმდინარე ინტენსიურ მოლაპარაკებებში პირველი შედეგები იკვეთება – უახლოეს მომავალში ქვეყანა კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს. კოვაქსპლატფორმაზე განაცხადს კი საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად, 18 იანვარს გააკეთებს. პრეპარატის შესანახად 70-გრადუსიანი ცივი ჯაჭვია საჭირო. შესაბამისი  ინფრასტრუქტურა კი სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ეწყობა.

ამ ეტაპზე მთავრობა, ჯანდაცვის სექტორთან ერთად, ვაქცინაციის დანერგვის გეგმაზე მუშაობს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი იმუნიზაციის ყველა ეტაპი და ინფრასტრუქტურის გამართვის საკითხები. ქვეყანა ასევე ემზადება იმ გართულებებისთვისაც, რომელიც შეიძლება ვაქცინაციის პროცესში შეიქმნას. პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინას მედიკოსები მიღებენ, შემდეგ კი მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციართა ვაქცინაცია დაიწყება. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, ბოლო 24 საათში ჩატარებული 18 ათასამდე ტესტიდან, „კოვიდ-19“ 1857 ადამიანს დაუდასტურდა.