კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში 

ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამირან გამყრელიძეს ამ ეტაპზე სიმპტომები არ აქვს და სახლში იმყოფება. შეზღუდვების შემსუბუქებისა და ინფიცირებულთა რაოდენობის კლების ფონზე, ეპიდემიოლოგები ახლა ყველაზე საფრთხისშემცველად სადღესასწაულო დღეებს მიიჩნევენ.

გაუმჯობესებული ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ახალი წლის დღეებში მასობრივი თავშეყრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ 10 იანვრის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვმა ისევ მოიმატოს. დღეს კი სურათი მკვეთრად არის გაუმჯობესებული – ბოლო 24 საათში დადებითი პასუხი 2 012-მა ადამიანმა მიიიღო. ამ მომენტისთვის ქვეყანას ჯამში 13 000-მდე ინფიცირებული ჰყავს – დეკემბრის პირველ რიცხვებში კი ეს მაჩვენებელი 31 000-ს აღწევდა.