კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება სამეგრელოში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 333 ადამიანს, მათგან დადებითი იყო მხოლოდ 14.

აქედან ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან ოთხი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, ხოლო ორის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას. ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, ისინი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. ერთი შემთხვევაა ხობში, რომელიც ასევე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა რუხის კლინიკაში, ვირუსი აფხაზეთიდან ცხელებით გადმოყვანილ ქალს დაუდასტურდა, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთის კლინიკაშიც.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს  208 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 68 კოვიდპაციენტი, აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 27 კოვიდპაციენტი მკურნალობს.