კორონავირუსი - დედაქალაქის მთავრობის სხდომა

თბილისის მერმა დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა. კახა კალაძემ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს დაავალა, მომსახურების ცენტრებში და უფასო სასადილოებში კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, შესაბამისი წესების დაცვას, რიგების დარეგულირებასა და პირბადეების დარიგებას მეთვალყურეობა გაუწიონ. მან ასევე ისაუბრა საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციების დაცვაზე და იმ დარღვევების სტატისტიკა წარმოადგინა, რომელიც მერიის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.

მერის ინფორმაციით, 24 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მიკროავტობუსს მძღოლი პირბადის გარეშე მართავდა და მათ მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდა, 224 მცდელობა დაფიქსირდა მოქალაქეების მიერ პირბადის გარეშე მგზავრობის მიკროავტობუსში, ავტობუსებში კი ასეთი 2 088 მცდელობა იყო. კახა კალაძის თქმით, თუ მოქალაქე პირბადის გაკეთებაზე უარს ამბობს, ის ტრანსპორტში არ დაიშვება.