კომპანია „ენკას“ განცხადება

„ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკა“ მოუწოდებს აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი ქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და დაპირისპირება. მათივე განმარტებით, „შემაშფოთებელია, რომ პროექტში დასაქმებული ადამიანები მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ. პროტესტის მონაწილე აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვა და კომპანიისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას. კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის შესახებაც სრულ ინფორმაციას მივაწვდით ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას. ჩვენი შეფასებით, აქტივისტების მიზანია, ხალხი დააპირისპიროს ერთმანეთს და პოლიციას და ამით შექმნან დაძაბულობის მუდმივი კერა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, კომპანიის ცნობით, ხშირია არასწორი ინფორმაციის გავრცელება პროექტის მიმდინარეობის შესახებ. კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის საქმიანი დიალოგისთვის ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში, რათა კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული გახდეს.