კიბეროპერაციების რუსული „გამოცდილება“
კიბეროპერაციების რუსული „გამოცდილება“

რუსეთისათვის  საინფორმაციო სფერო საკუთარ მოსახლეობაზე კონტროლის თუ მოწინააღმდეგე ქვეყნებზე გავლენის მოპოვების კრიტიკულად მნიშვნელოვან დომეინს წარმოადგენს, ინფორმაციული ომი კი ახალი ტიპის სამხედრო კონფლიქტისას   კრემლისთვის მსოფლიო ასპარეზზე დომინირების საკვანძო საშუალებაა. ინფორმაციულ კონტენტსა თუ მისი გავრცელების არხებსა და ტექნიკურ საშუალებებზე კონტროლის მოპოვება რუსული სამხედრო წრეებისათვის პრიორიტეტული ამოცანაა და ის მუდმივად ცდილობს ძალებისა და საშუალებების განვითარებას ომის, კრიზისის თუ მშვიდობიან პერიოდში ინფორმაციული უპირატესობის მისაღწევად, რაც მყარ ნიადაგს ქმნის ქვეყნის მიერ კიბერსივრცეში ინფორმაციული ოპერაციების განსახორციელებლად. კომპიუტერული ქსელური ოპერაციები რუსეთის ფედერაციისათვის ინფორმაციული უსაფრთხოების ორგანული ნაწილია: იგი ცდილობს კონტროლი მოიპოვოს ინფორმაციის არა მხოლოდ ტექნიკურ მხარეზე, არამედ ინფორმაციის შემეცნებით მდგენელზეც. სწორედ ამიტომ,  რუსულ დოქტრინებსა და კონცეპტუალურ დოკუმენტებში „კიბერუსაფრთხოება“ჩანაცვლებულია ტერმინით „ინფორმაციული უსაფრთხოება“.

რუსეთის ფედერაციის ინფორმაციული უსაფრთხოების დოქტრინის თანახმად, ახლო მომავალში „გლობალური საინფორმაციო ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდება”. ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი საფრთხედ განიხილავს ნაციონალისტურ,  სეპარატისტულ და რადიკალურ რელიგიურ სააგიტაციო ღონისძიებებს და მათთან გასამკლავებლად საჭიროდ მიიჩნევს „ჭეშმარიტი“ ინფორმაციის გავრცელებას და ადგილობრივი პლატფორმის განვითარებას (მაგ. საკუთარი სოციალური მედია, ინტერნეტი და სხვა).

რუსულ სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში დამკვიდრდა ცნება- „ინფორმაციული კონფრონტაცია“, რაც საინფორმაციო სფეროში დაპირისპირებას გულისხმობს  და მოიცავს კომპლექსურ დესტრუქციულ ზემოქმედებას მოწინააღმდეგე მხარის ინფორმაციაზე, საინფორმაციო სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე, საინფორმაციო სისტემებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის გათვალისწინებით. ინფორმაციული კონფრონტაციის საბოლოო მიზანს ინფორმაციული უპირატესობის მოპოვება წარმოადგენს, ძირითადი ეფექტი კი მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერების ფორმირება და  ქცევის მანიპულირებაა.

„ინფორმაციული კონფრონტაციის“ ტაქტიკა საბჭოთა პერიოდის ფსიქოლოგიური ომის საფუძველზეა შემუშავებული და დასავლური საზოგადოების წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. ამგვარი ქმედებები უფრო ხშირად რუსეთის მიერ ინსპირირებული კონფლიქტების საწყის ფაზაზე გვხვდება და  არაკონვენციური ოპერაციების ჩატარებას გულისხმობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით. მანიპულაციის სამიზნეს წარმოადგენს როგორც თავად რუსეთის მოსახლეობა, ასევე დაინტერესების ქვეყნის მოქალაქეები  და საერთაშორისო მედია. როგორც წესი, მოქმედებათა თანმიმდევრობა შემდეგია: ინტენსიური აქტიური ღონისძიებების ფონზე ადგილი აქვს რუსული საბრძოლო დანაყოფების შეღწევას  სამიზნე ტერიტორიაზე, თითქოს ადგილობრივი, პროტესტანტულად განწყობილი შეიარაღებული ფორმირებების საფარქვეშ. წარმატებული ოპერაციის შემთხვევაში კი იწყება ინტერვენციის ლეგიტიმაციისკენ მიმართული ღონისძიებები  „უმცირესობის უფლებათა დასაცავად“ და კონვენციური ოპერაციების ფაზა. თუმცა,თუ ყირიმის ანექსიის დროს განხორციელებულ ქმედებებს გადავხედავთ, პირველი, არაკონვენციური ფაზის წარმატებამ ძალზე გაუმარტივა რუსეთს კონფლიქტის  შემდგომი, ანუ კონვენციური სამხედრო მოქმედებების წარმოება.

ინფორმაციული უპირატესობის მოსაპოვებლად საჭირო კონტენტის გავრცელების ერთ-ერთ წარმატებულ არხს წარმოადგენს კიბერსივრცე. არანაკლებ მნიშვნელოვანია კიბეროპერაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციული ომის სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანების განხორციელებას. ამგვარი ოპერაციები ემსახურება  ინტერესების ობიექტების ქსელების კომპრომეტაციას და სენსიტიური ინფორმაციის მოპოვებას. მოპოვებული ინფორმაცია ფალსიფიკაციის ან გარკვეული ნიშნით მოდიფიკაციის შემდეგ, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დაშინების, შანტაჟის, დისკრედიტაციის მიზნით, რასაც წინ უძღვის კონტენტის კიბერსივრცეში ან მასმედიის საშუალებებში კონტროლირებადი გავრცელება.

2011 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სოციალურ ქსელებში დაგეგმილმა საპროტესტო გამოსვლებმა ინტერნეტი და საინფორმაციო სივრცე კრემლისათვის ერთ-ერთ ძირითად საფრთხედ აქცია, რის შემდეგაც რუსულმა პოლიტელიტამ გააძლიერა მისი კონტროლისაკენ მიმართული ღონისძიებები. პირველ ეტაპზე კრემლის ქმედებები ოპოზიციისათვის ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვისაკენ იყო მიმართული, თუმცა მალევე გახდა ცხადი  ამ მეთოდების კონტრპროდუქტიულობა, ამიტომ, რუსული პოლიტელიტა შეეცადა საკუთარი კონტენტით გადაეფარა ოპოზიციური ნარატივი და  ქსელიდან გამოედევნა მისთვის მიუღებელი მოსაზრებები თუ ინფორმაცია. თანდათანობით, გარდა საკუთარ მოსახლეობაზე ზემოქმედებისაკენ მიმართული ღონისძიებებისა, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ამგვარი ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა საერთაშორისო ასპარეზზეც  –  უკრაინაში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში.

რუსული პროპაგანდისტული კონტენტი ვრცელდება საინფორმაციო საიტების, სატელევიზიო და რადიოარხების (მაგ.  Russia Today და Sputnik News), ბოტების, ტროლების, ოპტიმიზირებული საძიებო სისტემებისა და მოსყიდული ჟურნალისტების მეშვეობით. გართულებული ატრიბუციის გამო, კრემლის მიერ ფართოდ გამოყენებული ტექნოლოგია – ტროლები – ინფორმაციის მანიპულირებისთვის, ანტირუსული ინფორმაციის დისკრედიტაციისა და პროკრემლისტური განწყობების ჩამოსაყალიბებლად შექმნილი ანაზღაურებად კომენტატორთა შემადგენლობაა. ჰაქტივისტურ დაჯგუფება Anonymous-ის ჯერ კიდევ 2012  წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის მთავრობა აფინანსებს პროფესიონალი ტროლების დაჯგუფებებს. ასეთი „ფერმების“ მიზანი კრემლის მესიჯების ინტერნეტში გავრცელებაა. მოგვიანებით, აშშ-ის არჩევნებში კრემლთან ასოცირებული კიბერდაჯგუფებების ჩარევის გამოძიებისას ამერიკის სპეცსამსახურებმა დაადგინეს პირდაპირი კავშირი კრემლსა და „ტროლების ფაბრიკებს“ შორის.

ტროლები ახორციელებენ ანტირუსული სტატიების კომენტირებას, რეჟიმის საწინააღმდეგო ვიდეოების “dislike” აქციებს, ყალბი ონლაინ პროფილების მართვასა და სოციალურ მედიაში ანტირუსული აზრის შევიწროებას. კონკრეტული ტროლი ხშირად მართავს მრავალრიცხოვან ონლაინ პროფილსა და ბლოგს. პოსტების და კომენტარების მეშვეობით ტროლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელს უწყობს აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას,  სოციალური მედიის გაჯერებას გაყალბებული კონტენტით, ეჭვის, შიშის, არასტაბილურობის განცდის შექმნას და ინტერნეტის, როგორც დემოკრატიული სივრცის დისკრედიტაციას. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა მთავრობის მიერ დაანონსებულ „საკუთარი ინტერნეტის“ შექმნაზე.სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ანაზღაურებადი   ტროლების უმსხვილესი დაჯგუფება„ ინტერნეტის კვლევის სააგენტო “ ძირითადად აქვეყნებს პროსამთავრობო კონტენტს,  მისი მართული ტროლები კი ერთვებიან ონლაინ-დისკუსიაში კრემლის სასარგებლოდ ან ავრცელებენ ცრუ კონტენტს.

მანიპულაციისთვის საჭირო კონტენტის ავტომატიზირებული გავრცელებისათვის  რუსეთის მიერ ასევე ხშირად გამოიყენება  ინტერნეტ-ბოტების ტექნოლოგია. ბოტი  სოციალურ მედიაში კონტენტის ავტომატურად გამავრცელებელ აპლიკაციას წარმოადგენს და მას შეუძლია ჩაძიროს დამკვეთისთვის არასასურველი ინფორმაცია, გაართულოს  ინფორმაციის მოძიება, გაავრცელოს სპეციფიური მესიჯი ან შეასრულოს  განსხვავებული სირთულის თუ შინაარსის სხვა ამოცანა.

ზემოაღნიშნული არხებით გავრცელებული პროპაგანდისტული კონტენტი წარმოადგენს ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის ნაზავს და ემსახურება  საკუთარი თუ სხვა ქვეყნების მოსახლეობის, საკუთარი ოპოზიციის, სამიზნე ქვეყნების პოლიტიკური ელიტის  დაბნევას, დემორალიზაციას და მასზე გავლენის მოპოვებას.

პროპაგანდისტული ინფორმაციული კონტენტი, რომლის გავრცელებისთვისაც ხდება ტექნიკური საშუალებების განვითარება ან არსებულზე კონტროლის განხორციელება, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

  • მართვადი საკომუნიკაციო სივრცისა და სამაუწყებლო არხების მეშვეობით სოციალურ ქსელებში დომინირება პოლიტიკური თუ ეკონომიური არასტაბილურობის განცდის დასათესად;
  • პრორუსული პოლიტიკური პარტიების თუ ჯგუფების საინფორმაციო მხარდაჭერა კიბერსივრცის მეშვეობით.  პრორუსული ელიტის ფორმირება და პრორუსული ძალების სახელისუფლებო ვერტიკალში მოხვედრის განწყობების შექმნა;
  • სოციალური ქსელებისა თუ კიბერსივრცის სხვა სეგმენტის გამოყენება დესტრუქციული საქმიანობისთვის მეზობლებთან ან სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის კონტექსტში, რამაც, შესაძლოა, აგრესიის შემთხვევში პოლიტიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული თუ სხვა სახის მხარდაჭერის მიღება შეაფერხოს. ამ მიზნით ხდება ტრადიციული, ხშირად ყოფითი სამეზობლო დავის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების კონტექსტში აყვანა, ან ერთაშორისი თუ რელიგიური ურთიერთობის უკიდურესად ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა, ტრადიციულად სენსიტიურ საკითხებზე აქცენტირება, ნეგატიურ პრიზმაში ნაჩვენები პრობლემატიკის ტირაჟირება სოციალური ქსელებით და შემდგომ ამაზე დისკუსიის გამართვა ტროლების, ე.წ. „სასარგებლო იდიოტების“ თუ სხვა საშუალებების ჩართულობით.

ამგვარი ქმედებების საინტერესო მაგალითს წარმოადგენს პოლონეთის წინააღმდეგ რუსეთის მიერ სოციალურ ქსელებში განხორციელებული აქტივობები: 2015 წლის დასაწყისში ინტერნეტსივრცეში შეიქმნა ე.წ. „ლვოვის და ვილნიუსის სახალხო რესპუბლიკების“ რუსეთის მიერ კონტროლირებადი  გვერდები პოლონური განმასხვავებელი ნიშნების მქონე შეიარაღებული სამხედროების სურათებით და ამორის რესპუბლიკის ლიტვისა და უკრაინისგან დამოუკიდებლობის და პოლონეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის მოთხოვნით.საიტზე ასევე ქვეყნდებოდა ინსტრუქციები სეპარატისტებისთვის, პოლონური უმცირესობის ენობრივი შეზღუდვის „ფაქტები“ და სხვა პროვოკაციული მასალა. ამორის „რესპუბლიკის“ მსგავსებამ რუსეთის მიერ მართულ ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან“ ლიეტუაში გარკვეული მღელვარება გამოიწვია, რადგან ვილნიუსის შემოგარენში კომპაქტურად მცხოვრები პოლონური უმცირესობა მკვეთრად პრორუსულია და ინფორმაციასაც მისი უმეტესობა რუსული წყაროებიდან იღებს.

ასეთივე მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ  ე.წ. ისლამური სახელმწიფოს კიბერდანაყოფის საფარქვეშ, რუსეთის მიერ ანტიტერორისტული კოალიციის წევრი ქვეყნების მიმართ განხორციელებული საინფორმაციო კამპანია, რომელმაც   საქართველოც მოიცვა.მის მიზანს საქართველოს შეიარაღებული ძალების ISAF მისიაში მონაწილეობის მიმართ ნეგატიური ფონის შექმნა წარმოადგენდა. 2013 წლის ივნისში ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან, მალაიზიაში წინასწარ მომზადებული სერვერის გამოყენებით, დაშიფრული ხაზით ინტერნეტში ატვირთა მუქარის შემცველი ორი ვიდეორგოლი, სადაც ავტორი “თალიბანის” სახელით საუბრობს, ქართველ სამხედროებს „ჯვაროსნებად“  მოიხსენიებს და ავღანეთის მისიაში მათი მონაწილეობის გამო შურისძიებით იმუქრება. მუქარა მიმართულია როგორც ქართველი ჯარისკაცების, ასევე საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. კამპანია მისიაში მომსახურე ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის მეტად რთულ პერიოდს დაემთხვა. მოგვიანებით, ტექნიკურადაც დადასტურდა ამ რგოლისა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების მიმართ სოციალურ ქსელებსა თუ ტექსტური შეტყობინებებით მუქარასთან რუსული სახელმწიფოს კავშირი, რომელიც მანამდე „დაეშის“კიბერდანაყოფებს მიეწერებოდა.

მოგვიანებით, 2015 წელს, ასევე „კიბერხალიფატის“ სახელით, სოციალურ ქსელებში აიტვირთა ამერიკელი სამხედროების პირადი მონაცემები, ხოლო სამხედროების ოჯახის წევრებმა კი მიიღეს მუქარის შემცველი წერილები. დადგინდა, რომ სინამდვილეში ეს აქცია ჯიჰადისტების საფარქვეშ განახორციელა რუსულ სამთავრობო სტრუქტურებთან დაკავშირებულმა იმავე ჰაკერულმა  დაჯგუფებამ – APT28/Fancy Bear, რომელიც  პასუხისმგებელია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორციელებულ კიბერშეტევებზე. რუსეთის სახელმწიფოს დაფინანსებული „ტროლების არმიის“ მიერ შეიქმნა და სოციალურ ქსელებში ხდებოდა ყალბი ვიდეოს გაზიარება, რომელშიც ამერიკელი ჯარისკაცი თითქოსდა იარაღს ესვრის ყურანს. იგივე ორგანიზაცია ტროლების მეშვეობით გამუდმებით ცდილობს ისლამისტური საფრთხის მეშვეობით შიშის ატმოსფეროს დანერგვას.

მსგავსი ტექნოლოგია და საფარი იქნა გამოყენებული ფრანგი სამხედროების ოჯახების მიმართ 2015 წელს, როდესაც მათი პირადი მონაცემები, ოჯახებზე ზეწოლის მიზნით, ინტერნეტში იქნა გამოქვეყნებული „კიბერხალიფატის“ სახელით მოქმედი რუსული ჰაკერული დაჯგუფების მიერ.

კიბერარხებით გავრცელებული დეზინფორმაცია ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მოწინააღმდეგე ქვეყნის რეპუტაციის შესალახად, არასტაბილური, არშემდგარი სახელმწიფოს იმიჯის დასამკვიდრებლად და ნებისმიერ არეალზე მისი საერთაშორისო თანამეგობრობისგან იზოლაციის მიზნით.ამგვარ კამპანიებში ხშირად ისეთი თემებიც გამოიყენება, რომელთაც, ერთი შეხედვით, მიმდინარე სახელმწიფოთაშორის კონფლიქტთან და ზოგადად პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ზემოაღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია კიევში გასამართ საერთაშორისო საფეხბურთო მატჩზე ტერორისტული საფრთხით სპეკულირება რუსული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში.

2018 წლის 26 მაისს კიევში გაიმართა უეფა- ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ლივერპულსა“ და „რეალს“ შორის. მატჩამდე ერთი კვირით ადრე ადგილი ჰქონდა რუსეთის მიერ ორკესტრირებულ საინფორმაციო კამპანიას მასმედიის საშუალებებში, რომელიც ემსახურებოდა უკრაინაში წამსვლელი გულშემატკივრების დაშინებას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით. „დაეშის“ მიერ 2015-2017 წლებში ევროპის მასშტაბით მრავალი  ტერაქტი განხორციელდა, უმეტესად მასობრივი თავშეყრის ადგილებში; ამდენად ორგანიზაციის ეს სისხლიანი რეპუტაცია უკრაინაში წამსვლელ ათასობით გულშემატკივრის დასაშინებლად გამოიყენეს.

გარდა ნეგატიური ნარატივის დანერგვისა,ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე, უკანასკნელ პერიოდში რუსული პროპაგანდა კიბერარხების მეშვეობით სასურველი კონტენტის გავრცელებით, ძირითადად რამდენიმე შეხედულების დანერგვას ცდილობს:

  • გაკოტრებული დასავლური ლიბერალური წესრიგი უნდა შეიცვალოს ევრაზიული ნეოკონსერვატორული პოსტლიბერალური მსოფლიო წესრიგით, რომელიც იცავს ტრადიციებს, კონსერვატიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას;
  • დასავლეთი ახდენს რუსეთის დემონიზირებას; სინამდვილეში ეს უკანასკნელი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას ცდილობს;
  • აშშ ერევა სუვერენული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში და ცვლის ხელისუფლებებს მთელს მსოფლიოში;

უკანასკნელი წლების მოვლენებმა ცხადყო, რომ  კიბერსივრცე რუსეთის მიერ ხშირად არის გამოყენებული მოწინააღმდეგე ქვეყნების მთავრობების ან ინსტიტუტების დელეგიტიმიზაციის მიზნით და გადაიქცა დესტრუქციული საქმიანობის ასპარეზად.  ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალებად რუსეთი, როგორც ჩანს, საარჩევნო პროცესებში ჩარევასა და შედეგებით მანიპულირებას მიიჩნევს. მოქმედებს სქემა, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო სისტემებში კიბერჯაშუშების  მიერ არსებული სენსიტიური ინფორმაციის მოპარვა და შემდგომ პოლიტიკური ფიგურების ან ინსტიტუტების დისკრედიტაციის მიზნით, ხდება მისი გავრცელება. მეორეს მხრივ კი, სახეზეა ტროლების მიერ ყალბი პროფილებისა და ბლოგების გამოყენებით მიმდინარე მოვლენებსა და ინფორმაციაზე რუსული ნარატივის დამკვიდრება, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და სასურველი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება.

ამრიგად, თუკი საწყის ეტაპზე რუსული კიბერშეტევები მხოლოდ მოწინააღმდეგის საინფორმაციო არხების განადგურებას ან მათზე წვდომის შეზღუდვას ისახავდა მიზნად, დღესდღეობით  ამგვარი კიბეროპერაციების მიზანი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება, მოწინააღმდეგეზე საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედებაცაა. რუსეთის არსენალში არსებული ტექნიკურ და კინეტიკურ შედეგზე ორიენტირებული კიბერშეტევები თანმიმდევრულად უთმობენ ადგილს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ეფექტის მქონე კიბეროპერაციებს, რომელთა შედეგი – სამიზნე აუდიტორიის აღქმის ცვლილება და პრორუსული ელიტის ფორმირება-გაძლიერება ,შესაძლოა,კონვენციური მოქმედებების წინაპირობაც გახდეს.

ავტორი – ანდრო გოცირიძე

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

„ინფორმაციული უპირატესობა“ – ინფორმაციისმიღების, დამუშავებისა და გავრცელების შესაძლებლობა, რომელიც ხელს უშლის მოწინააღმდეგე სიმავე ფუნქციის განხორციელებაში.

Доктрина информационной безопасности Российской Федерации.УказпрезидентаРФот 05.12.2016. ხელმისაწვდომია

Информационная безопасность (2-я книга социально-политического проекта «Актуальные проблемы безопасности социума»). М.: «Оружие и технологии», 2009

https://baltic-review.com/peoples-republic-vilnius-wilno/

[1]https://www.radiotavisupleba.ge/a/jihadis-videos-sakme-gakhsnilia/25125703.html

https://www.bbc.com/russian/society/2016/03/160315_smj_trolls_make_haram_video

https://www.thesun.co.uk/…/isis-threatens-champions-league…/

Defence Intelligence Agency. Russia Military Power – building a military to support great power aspirations. dia-11-1704-161. www.dia.mil/military-power-publications

დატოვე კომენტარი