კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“

საინფორმაციო კამპანიის „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ ფარგლებში, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა გრძელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის სამინისტროსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ამჯერად საქართველოს ყრუთა კავშირის წევრებს შეხვდნენ, სადაც ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამსწრეთა კითხვებს უპასუხეს.

შეხვედრას მობილური სამედიცინო ბრიგადაც ესწრებოდა, რომლებმაც ადგილზევე ის პირები აცრეს, რომლებმაც იმუნიზაციის პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრას მომავალი კვირიდან ისევ გააგრძელებს.