ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში „ჯორჯია მეტალის“ ქარხანა გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი მონაწილეობდნენ. ახალი მეტალურგიული ქარხანა უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით არის აღჭურვილი, რომელიც სპეციალიზირდება სამშენებლო არმატურის წარმოებაში. ქარხნის წლიური წარმადობა 400,000 ტონა მზა პროდუქციას შეადგენს.
წარმოების ყველა ეტაპი ითვალისწინებს ევროპულ სტანდარტებს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის არმატურა. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 350 ადამიანი. კომპანია ფოლადსადნობი საამქროს მშენებლობას გეგმავს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი იქნება და წელიწადში 450,000 ტონა კვადრატულ ნამზადს აწარმოებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დამატებით 600 ადამიანის დასაქმება.