ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეიროკუნთოვანი დაავადებების რეფერალურ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის ხელმძღვანელს, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ნეიროპედიატრს, დოქტორ ჟოელ ფლუსს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადებას და ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ინოვაციური თერაპიების დიდი ნაწილი მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის აპრობირებული.
ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებით მკურნალობას ითვალისწინებს, რაც ამჟამად საქართველოში არის დანერგილი. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო დეტალურად სწავლობს მსოფლიო პრაქტიკას და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებს, რომ შეფასდეს ამ მიმართულებით არსებული რეალური სამედიცინო სურათი, უსაფრთხოების რისკები და გრძელვადიანი შედეგები. მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.