ირაკლი კობახიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისსა და მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს განათლების მიმართულებით, ლუის ბენვენისტეს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ მათ მთავრობის მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო. აქცენტი გაკეთდა განათლების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითად ამოცანებად სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია, რესურსების ოპტიმიზაცია, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურისა და განათლების ხარისხის თვისებრივი გაუმჯობესება განისაზღვრა.

ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში. აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი პორტფელი საქართველოში რვა აქტიურ ინვესტიციას მოიცავს, რომელთა საერთო ღირებულება 975 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.