ინფრასტრუქტურის მინისტრი კახეთში

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე კახეთში, საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალური გზის 17-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მანამდე კი მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოში, 75 აღსაზრდელზე გათვლილი მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი საერთო ღირებულება 1 მილიონ 700 ათას ლარამდეა. სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.

კახეთის მაგისტრალის პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა და მოიცავს ბადიაურთან ახალ სატრანსპორტო კვანძს, 4 ხიდს, 8 გზაგამტარსა და 86 წყალგამტარ მილს. ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა წელს დასრულდება, რის შემდეგაც, კახეთის მაგისტრალის 52 კმ-იან ყველაზე გამომწვევ მონაკვეთზე მოძრაობა იქნება გახსნილი. საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალური გზა მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შენდება – პროექტის ღირებულება 276.7 მილიონ ლარს შეადგენს.