ინფიცირების მაჩვენებელი სკოლებში

სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზეა. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, 15-დან 20 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა ასევე 0.01%-ს დაუდასტურდა – აღნიშნული მაჩვენებელი არდადეგების დაწყებამდე პერიოდის იდენტურია.

გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია დისტანციური სწავლების ფორმატი. კერძოდ, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 14 სკოლა და 64 ცალკეული კლასი იმყოფება, რაც გასულ სტატისტიკასთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია.