გიორგი ჩოგოვაძე სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელად დაინიშნა

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ახალ ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა. სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორი ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამედიცინო ჰოლდინგში, პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა.

ჰოლდინგის ფარგლებში, კლინიკების ეტაპობრივი განვითარება, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორი კლინიკებთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც სამედიცინო სერვისების ხარისხს გააუმჯობესებს. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში ეტაპობრივად რეგიონული სამედიცინო დაწესებულებებიც ჩაერთვებიან.