გიორგი ბოტკოველის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, აქცია რომელიც გუშინ მეღვინეებმა და მევენახეებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან გამართეს, „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის ორგანიზებული იყო. ოპოზიციური პარტიის წევრის მტკიცებით, აქციაზე შეკრებილების 80 პროცენტს ვენახი საერთოდ არ აქვს. იმის დასადასტურებლად, რომ გამოსვლა მმართველი პარტიის მიერ იყო ორგანიზებული, ბოტკოველმა ბრიფინგზე რამდენიმე ადამიანის ფოტოც წარმოადგინა.

მისი განცხადებით, აქციაზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ასევე თელავის საკრებულოს წევრები. რაც შეეხება ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე გატანის საკითხს, ბოტკოველი აცხადებს, რომ ხელისუფლებას 7 წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად არაფერი გაუკეთებია.

შეგახსენებთ, გუშინ კახელმა მეღვინეებმა და მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, თავდაპირველად ისინი გომბორზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან გადაინაცვლეს და იქ გააპროტესტეს ნიკა გვარამიას განცხადებები, რუსეთში ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით.