საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსი მკვლევრის, გიგი გიგიაძის საქმეზე გადაწყვეტილება 5 მარტს გამოცხადდება. დღეს მხარეებმა საპაექრო სიტყვები თქვეს. შსს-ს წარმომადგენლის, თინათინ კაჭკაჭიშვილის განცხადებით, გიგიაძემ შეკრების და მანიფესტაციის წესები დაარღვია, კერძოდ 17 დეკემბერს ჭავჭავაძის გამზირი ხელოვნურად გადაკეტა. მისივე თქმით, პატრულ-ინსპექტორებმა აქციის მონაწილეებს უფლება მისცეს, გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე ემოძრავათ, თუმცა გიგიაძემ გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.
ადვოკატები შსს-ს პოზიციას არ ეთანხმებიან. მათი ცნობით, ვიდეომტკიცებულებიდან ჩანს, რომ გიგიაძე ტროტუარის მხარეს დგას. პოლიციის მოწოდება, რომ მარჯვენა ზოლი დაეკავებინათ, გიგიაძეს არ გაუგია, თუმცა კადრებში ჩანს, რომ მარჯვენა ზოლიდან გიგიაძე არც გადასულა და არ გადაუკეტავს ჭავჭავაძის გამზირი.
ჯარიმა ქუჩის ხელოვნურ გადაკეტვაზე, 30 დეკემბრამდე არსებული რედაქციით, 500 ლარს შეადგენდა.