ღვინის საერთაშორისო გამოფენა

თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენას – WINEXPO 2023 მასპინძლობს. საერთაშორისო გამოფენა კავკასიის რეგიონში მეღვინეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დარგისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს. წელს, გამოფენაზე შვიდი ქვეყნის – იტალიის, გერმანიის, უნგრეთის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს 200-მდე კომპანია საკუთარ პროდუქციასა და სერვისს სთავაზობს დამთვალიერებელს. ამასთან, გამოფენაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი საწარმოების, მცირე, საშუალო და საოჯახო მარნების პროდუქციის გარდა, წარმოდგენილი იქნება ღვინის ინდუსტრიაში არსებული ტექნოლოგიები, შესაფუთი და დამხმარე მასალები.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება ღვინის საერთაშორისო კონკურსი. მასში მონაწილე 250-მდე ღვინოს, ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს რვა კატეგორიაში – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოებს.