ღვინის ფესტივალი გურჯაანში

რთველის კულმინაციურ ეტაპზე გურჯაანმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა, რომელიც გამორჩეულია თავისი მასშტაბით, მრავალფეროვნებით, სტუმრების რაოდენობითა და იმ კონცეფციით, რომელიც განსაკუთრებით იზიდავს არა მხოლოდ ქართველებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთ დღეში შესაძლებელია, გაეცნო საქართველოს კულტურას, ისტორიას, ღვინოსა და კულინარიას.

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია მრავალხმიანი ქართული ღვინო, რომელიც ერთგვარად ქართულ პოლიფონიურ მუსიკასთან არის გაიგივებული და ვაზისა და ღვინის მრავალსახეობას გამოხატავს. დღეს გურჯაანში შეკრებილი ათასობით სტუმარი ეცნობოდა სხვადასხვა რეგიონის მეწარმეების პროდუქციას, წარმოდგენილი იყო როგორც პრემიალური ხაზის, ასევე ქვევრის ღვინო. სტუმრებმა ყურძნის დაწურვის, პურის ცხობისა და ჩურჩხელების მომზადების პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა.