გერმანიის მიერ დაფინანსებული პროექტები

გერმანიის საელჩომ ქართული მედიის წარმომადგენლებს გერმანიის მთავრობის მიერ დასავლეთ საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ელჩთან, პეტერ ფიშერთან ერთად, ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) თბილისის ოფისის დირექტორმა უმასპინძლეს.

მედიისა და საელჩოს წარმომადგენლები „ზესტაფონი 500“-ს ესტუმრნენ, რომელიც საქართველოს ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგურია და რომლის რეაბილიტაცია გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

მედიატურის ფარგლებში ელჩმა, ბათუმის ვიცემერთან ერთად, KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული წყლისა და წყალარინების რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურაც მოინახულა.

მედიის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ სატრანსპორტო პროექტს, რომელიც ბათუმში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების დანერგვას გულისხმობს.