საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია. საქართველოს მოქალაქე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გვიან ღამით გადმოიყვანეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობის გამო შეიწყალა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ბესტაევს ინსულტი 15 ნოემბერს განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ექიმის განმარტებით, ბესტაევი მძიმედ არის. ის კომატოზურ მდგომარეობაშია.
53 წლის გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.