გართულებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის გავრცელების ტემპი და არეალი ყოველდღე იზრდება – ინდური „დელტა“ შტამით ინფიცირების მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. პროგნოზები მძიმეა. ყოველდღე 30-მდე ადამიანს ვკარგავთ. წითელ ზონაში გადასულ ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების საკითხი, შესაძლოა, ისევ დღის წესრიგში დადგეს.

თუ მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიური ვითარება უახლოეს ორ კვირაში არ გაუმჯობესდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გარკვეული რეგულაციების ამოქმედების საკითხს დააყენებს. მეორე დღეა, „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია.

დამძიმებული სიტუაციის მიუხედავად, ვაქცინაციაზე მიმართვიანობა მაინც დაბალია. როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილი კვლავ „ფაიზერს“ ელოდება, რომლის ახალი პარტიის მიღების თარიღი ჯერ არ სახელდება. კლინიკებზე დატვირთვა ყოველდღე იზრდება – საავადმყოფოებში არსებული მდგომარეობა ნოემბრის მძიმე სურათის მსგავსია.