გართულებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ეპიდვითარება საქართველოში კვლავ უკიდურესად მძიმეა – ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსს 60 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურდა კიდევ  5 924 ახალი შემთხვევა. ვირუსის რთული მიმდინარეობის გამო, კლინიკებში ადგილები სულ უფრო ცოტა რჩება. საველე ჰოსპიტლები ყოველდღიურად ივსება. დღითიდღე იზრდება ბავშვების ინფიცირებისა და კლინიკებში მიმართვიანობის მაჩვენებელიც.

საავადმყოფოში მოთავსებული 7 500-მდე პაციენტიდან, 70%-ი ჟანგბადდამოკიდებულია. გაზრდილი საჭიროების გამო, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაციისკენ მოუწოდებს. პაციენტებისთვის ჟანგბადის მიწოდება საველე ჰოსპიტლებშიც ხდება. ამ დროისთვის საველე ჰოსპიტლები მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით ფუნქციონირებს, თუმცა მათ ინფიცირებულების მიღება რეგიონებიდანაც შეუძლიათ.

დღესვე, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა თქვა, რომ სკოლებში სწავლის განახლების რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, თუ ვაქცინირებული იქნება სკოლის პერსონალის 80 %, ხოლოდ კორონავირუსზე დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება. დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 12%-ს აჭარბებს.