გარდაცვლილი მედდის საქმე

გარდაცვლილი ექთნის ოჯახი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვს – კერძოდ, ახალციხის კლინიკაში მედიკოსების გამოკითხვასა და ამავე კლინიკიდან ექთნის სამედიცინო ისტორიის ამოღებას. ამ შუამდგომლობით ოჯახის ადვოკატი პროკურატურას დღეს მიმართავს. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ უკვე მიიღეს სამედიცინო ისტორია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, თუმცა, საკმარისი არ არის.

ოჯახი ელოდება სამედიცინო ექსპერტიზას, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს. ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მეგი ბაქრაძეს, ვაქცინაციამდე ორი დღით ადრე, „იმედის კლინიკაში“ გარკვეული კვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც მედიკამენტების მიღება დაიწყო. ოჯახს აინტერესებს, კონკრეტულად რა სახის კვლევებზე და რა მედიკამენტებზეა საუბარი. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მოკვლევის შედეგით კი დადგინდა, რომ ახალციხის კლინიკაში დარღვევა არ იკვეთება.