განცხადებები არჩევნების გადადების საკითხზე

საქართველოში შექმნილ მძიმე ეპიდემიურ სიტუაციაში არჩევნების გადადების მოთხოვნა პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ იხსნება – თუმცა, ერთიანი პოზიცია ოპოზიციაშიც არ არსებობს. განსაკუთრებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ აქტიურობს, რომლის ლიდერი თვითმმართველობის არჩევნების ორი-სამი კვირით გადადებას ითხოვს და ამ პერიოდში ეპიდმონაცემების დასტაბილურებას ელოდება.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ეპიდემიოლოგებს მიმართავს და მათგან პროგნოზების წარმოდგენას ითხოვს. რადიკალურად განსხვავებულია ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პოზიცია. მიხეილ სააკაშვილი, პირიქით, არჩევნების გადმოწევის მომხრეა, რაც დაბნეულობას მის გუნდშიც კი იწვევს. მმართველი გუნდი საარჩევნო თარიღის საკითხის მიღმა მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესს ხედავს და არჩევნების დღის შეცვლას გამორიცხავს.