ფინანსთა მინისტრი პარლამენტში

საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის გამოსვლა შვიდ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ლაშა ხუციშვილმა 2020 წლის საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.

მინისტრმა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში, როგორც კერძო სექტორის, ასევე მოქალაქეებისთვის გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე განმარტებით, ბოლო რამდენიმე თვის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ქვეყანა პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ეტაპობრივად გამოდის.

როგორც მინისტრმა თქვა, გაუმჯობესებული მონაცემების გათვალისწინებით, პარლამენტში ახლო მომავალში საბიუჯეტო ცვლილებებს წარადგენს. რეგლამენტით გათვალისწინებული 45-წუთიანი გამოსვლის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რაც ძირითადად საგარეო ვალდებულებებს, სოციალურ პრობლემებს, ბიუჯეტიდან თანხების გამჭვირვალედ ხარჯვასა და სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ წამგებიან საწარმოებს ეხებოდა.