ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის შემაჯამებელი დასკვნა პარლამენტის ბიუროს ამ წუთებში წარედგინება. ამის შემდეგ კი დოკუმენტის განხილვა პლენარულ სხდომაზე მოხდება. 104-გვერდიანი დასკვნა კომისიის წევრებმა სამთვიანი მუშაობის შედეგად გასულ კვირაში წარმოადგინეს. დოკუმენტი გადაგზავნილია აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.
საპარლამენტო კომისიის დასკვნა მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან რეკომენდაციებს მოიცავს. საკითხს ბიზნესის ნაწილიც ეხმაურება. საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ იწყებენ „საოჯახო კალათის“ ინიციატივის განხორციელებას, რაც სავაჭრო ქსელებში მათ მიერვე შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში სპეციალური, შეღავათიანი საფასო პოლიტიკის ამოქმედებას გულისხმობს.
ოპოზიციის განმარტებით კი კომისიის მუშაობა დაწყებისთანავე ფარსი იყო. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ფასებმა კლების ნაცვლად, კიდევ უფრო მოიმატა. დასკვნას მხარს არ უჭერს „ხალხის ძალა“. მათი თქმით, დოკუმენტი ხელისუფლების მიერ დაანონსებულ გამოწვევებს არ პასუხობს.