ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრების მედლების რიცხვი დღეს ცხრამდე გაიზარდა. 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცის ბრინჯაოს მედალი ირაკლი ჩხეიძემ აიღო. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა სასურველი შედეგი, მუხლზე მიღებული დაზიანების გამო, ვეღარ დააფიქსირა. ამ წონით კატეგორიაში სამივე ოქროს მედალი, როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინელმა დმიტრო ჩუმაკმა აიღო.

ტურნირის კულმინაცია მამაკაცთა მძიმე წონით კატეგორიაში იქნება, სადაც მედლებისთვის და ახალი რეკორდებისთვის ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იბრძოლებენ. ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღის გამოსვლებს 17 :30 საათზე საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.