ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, მიმდინარე თვეში კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 19 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანას ოფიციალურად 7 812 ინფიცირებული ჰყავს. რაც ერთი კვირის წინანდელ მონაცემებზე თითქმის 3000-ით მეტია. გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელიც და თითქმის 11%-ს შეადგენს.

სპეციალისტების თქმით, რეალური ციფრები კიდევ უფრო მეტია, ვინაიდან გარკვეულ შემთხვევებში, ტესტი ვირუსს, მისი არსებობის მიუხედავად არ უდასტურებს. ქვეყანაში ამჟამად „ომიკრონის“ ქვეშტამები ცირკულირებს და ვირუსი მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, თუმცა სწრაფი გადადებით ხასიათდება. განსაკუთრებით საფრთხისშემცველ ზონებად სახელდება დახურული სივრცეები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც სპეციალისტები მოსახლეობას პირბადის გამოყენებას ურჩევენ. გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ზაფხულში ვირუსის გავრცელების მთავარი კერა საზღვაო კურორტებია. პიკს სპეციალისტები აგვისტოს ბოლოდან პროგნოზირებენ. პირბადის გარდა, მთავარ რეკომენდაციად რჩება ვაქცინაცია.