ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველო კორონავირუსის ახალ ტალღას 30 ათასზე მეტი ინფიცირებულით ხვდება – „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები სულ უფრო მზარდია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის აღრიცხული მონაცემები, რეალურ ციფრებს რამდენჯერმე ჩამორჩება – ვითარების მთელი სიმწვავე კი დაახლოებით ორ კვირაში, იანვრის ბოლოსთვის გამოვლინდება.

მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, „ომიკრონი“, კოვიდის წინა ვარიანტებთან შედარებით, ბევრად უფრო გადამდებია და თანაბრად ვრცელდება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მცირეწლოვნებში ვაქცინაცია საქართველოს მსგავსად, ბევრ ქვეყანაში ამ ეტაპზე დაშვებული არ არის.