ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 18 ადამიანი. ვირუსის დადასტურების დღიური მაჩვენებელი 2.1%-ია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ქვეყანაში 8 951-ია.

ეპიდემიოლოგები საქართველოში უახლოეს პერიოდში „დელტა შტამად“ წოდებული „ინდური შტამის“ დომინანტობას პროგნოზირებენ. უკვე ახლა ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 15-20% სწორედ ამ შტამით ინფიცირებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, ე.წ. ინდური შტამი ყველა სხვა შტამზე სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა.

სპეციალისტები ტურისტული სეზონისა და გაზრდილი მობილობის ფონზე, გარკვეულ რისკებს ხედავენ, აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ყველა რეკომენდაციის უფრო მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. მათ შორის საუბარია გარე სივრცეში, ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარების აუცილებლობაზეც. იქნება თუ არა ქვეყანაში ე.წ. მეოთხე ტალღა და იქნება თუ არა ის მეორე ტალღის მსგავსი, სპეციალისტების თქმით, მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული.