ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველო ივლისიდან კორონავირუსის მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს. განცხადება დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა, რომელიც რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

ამირან გამყრელიძე ზუგდიდში სამედიცინო სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა. დაათვალიერა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, იმყოფებოდა ენგურის ხიდზე, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსული ადამიანების ტესტირება მიმდინარეობს. შეხვედრების მთავარი მიზანი რეგიონში არსებული ეპიდვითარების გაცნობა და ივლისში მასობრივ ვაქცინაციაზე გადასვლაა. დაგეგმილია, რომ ივლისიდან ქვეყანაში ყოველდღიურად 20-25 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.