ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესი
პირველი აპრილიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესი იცვლება. ცვლილების თანახმად, განისაზღვრა რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა. უფრო კონკრეტულად – სრულწლოვანი პაციენტისთვის რეცეპტი გაიცემა არაუმეტეს 14 დღის, ხოლო არასრულწლოვანისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით. ახალი რეცეპტის გამოწერა კი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს ხუთი დღის მარაგი. ამავე წესით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს. კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა.