ეკონომიკური საბჭოს სხდომა

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე, საერთაშორისო დახმარების სახით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით სამი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, პანდემიასთან გამკლავების პარალელურად, ხაზი გაუსვა ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელობასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძირითადი ამოცანა ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა. მისი განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის გაფართოებული პაკეტი 450 მილიონ დოლარამდე თანხას მოიცავს, საიდანაც 200 მილიონი აპრილის ბოლომდე, საბიუჯეტო დახმარების სახით, ქვეყნის ბიუჯეტში იქნება.

ამასთან, სხვა საერთაშორისო დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე მიიღებს  მილიარდ ნახევარი დოლარის დახმარებას. ასევე, დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი  იქნება კომერციული საბანკო სექტორისთვის.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავდროულად აუცილებელია მსჯელობა პოსტკრიზისულ პერიოდში მოქალაქეების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიზნობრივ დახმარებაზე.

ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, რეგულარულად შეიკრიბება.