დღეს, 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ათი დღით დაიკეტება

დღეს, 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ათი დღით დაიკეტება. იკრძალება ამ ქალაქებში შესვლა და მათი დატოვება. საქართველოს მთავრობამ იმ გამონაკლისი შემთხვევების სია გამოაქვეყნა, რომელთაც აკრძალვა არ ეხება.

დადგენილების თანახმად კი, შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას, ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა და მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას.

გამონაკლისებს შორის მოხვდა მედიასაშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილება ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, მიცვალებულის გადასვენება-დაკრძალვა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილება, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილება. შეზღუდვები ასევე არ ეხება საჯარო დაწესებულებებისა და დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. ამასთან, ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს, ასევე მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.