დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. მოკლული რუსეთის მოქალაქეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.