ცვლილებები „ტურიზმის შესახებ“ კანონში
ტურიზმის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ახალი სანქციები წესდება. ასევე იზრდება მოქმედი ჯარიმების ნაწილი. შესაბამისი ცვლილებები „ტურიზმის შესახებ“ კანონში შედის. პროექტის მიხედვით, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება თუ განმეორდება, ჯარიმა 6 000 ლარი იქნება. ასევე ჯარიმა წესდება ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ მომსახურების განხორციელების შემთხვევაში, თუ ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში არ არის რეგისტრირებული. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან. ინიციატივა პირველი მოსმენით საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებზე უკვე განიხილეს.