ეკონომიკის კომიტეტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. პროექტის მიხედვით, განისაზღვრება ის წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ემიგრანტებს საქართველოში მუშაობის უფლება ექნებათ. მათ შორის არის, საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, ასევე პირს მუშაობის ნებართვა მიეცემა საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ. კიდევ ერთი გამონაკლისი იქნება ემიგრანტი, რომელიც შრომით საქმიანობას სრულად ადგილობრივი დამსაქმებლისთვის დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა, მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს. პროფესიებს, რომელზეც ამ გამონაკლისების დაშვება მოხდება, მთავრობა დეტალურად განსაზღვრავს. იქამდე კი პარლამენტი დღეს კანონპროექტში ცვლილებებს დაჩქარებული წესით, საგაზაფხულო სესიაზეც უყრის კენჭს.