ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო განიხილეს და დაძლევის გადაწყვეტილება მიიღეს. ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ დაუბეგრავად აქტივების საქართველოში შემოტანა რისკებს აჩენს და ამ ცვლილების საჭიროება კანონში დასაბუთებული არ არის.

პრეზიდენტის მსგავსად, საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს ოპოზიციაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებები პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს მოარგო. ბრალდებებს მმართველი გუნდი არ იზიარებს. საპასუხოდ ისინი ამბობენ, რომ ცვლილებების მიზანი საქართველოში ეკონიმიკისა და ინვესტიციების კიდევ უფრო გაზრდაა.

მათი თქმით, ცვლილებები 3 300 ადამიანს ეხება. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული საგადასახდო ამნისტიის გარდა, ოფშორში უკვე დარეგისტრირებული აქტივების საქართველოში შემოტანის პირობებს ეხება. სიახლის მიხედვით, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის, საქონლის საქართველოში შემოტანა და იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.