COVID 19 - ვითარება რეგიონებში

42 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის 29 კონტაქტის პასუხი კორონაირუსზე უარყოფითია. სულ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 107 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში იყო გაგზავნილი. აქედან გვიან ღამით 94 ტესტის პასუხი მიიღეს და კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. კიდევ 13 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს, რუხის კლინიკაში ამ დროისთვის ათი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათგან ექვსი პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი მამაკაცის ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები არიან. მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და მას ახალი კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ორი პაციენტიდან ერთი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს. კლინიკის მთავარი ექიმის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტი დარჩება. ბათუმის ლაბორატორიებში კი გასულ ღამეს 110 პირის ანალიზი გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია. უკვე მეოცე დღეა, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. კლინიკა „მედალფაში“ ორი პაციენტი რჩება. მათგან ერთი, შესაძლოა, დღეს გაწერონ.