COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ევროპასა და აშშ-ში საპროგნოზო მაჩვენებლებს გაასწრო – მარტო ამერიკაში ბოლო ერთ კვირაში მილიონამდე ინფიცირებული აღრიცხეს. მეორე ტალღა მძიმედ მიმდინარეობს ევროპის წამყვან ქვეყნებშიც, სადაც დაავადებულთა დღიური მაჩვენებლები პირველი ტალღის მონაცემებს მკვეთრად აჭარბებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, „კოვიდ-19“-ის დასამარცხებლად მეცნიერები 47 ექსპერიმენტულ  ვაქცინაზე მუშაობენ.  თუმცა მე-3, ანუ ფინალურ ფაზაზე გამოცდას მათგან მხოლოდ ათი გადის. მეცნიერთა წრეებში ყველაზე დიდ იმედებს ორ ვაქცინაზე ამყარებენ. საუბარია ორი სხვადასხვა ამერიკული კომპანიის მიერ შემუშავებულ ვაქცინაზე, რომელთაც კლინიკური გამოცდის სამივე ეტაპი წარმატებულად გაიარეს და 90%-ზე მაღალი ეფექტიანობა აჩვენეს.