COVID-19 - ვითარება მარნეულის საკარანტინო ზონაში

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე რვა პაციენტს აუღებენ ბიოლოგიურ მასალას. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება. ტესტების პასუხები კი, სავარაუდოდ, ხვალ დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი. მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხრა თანამშრომელი ინფიცირებულია, თუმცა, გადაუდებელი დახმარების სერვისი მუნიციპალიტეტში არ შეჩერებულა.

სხვადასხვა რეგიონიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადები მარნეულში უკვე ჩავიდა. გრძელდება დაინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. მარნეულის მუნიციპალიტეტი 42-ე დღეა, წითელ ზონად არის გამოცხადებული. აქ ჯამში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 33 შემთხვევაა გამოვლენილი.