COVID-19 - პანდემია მსოფლიოში

რუსეთის პრემიერის შემდეგ „კოვიდ-19“-ით კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაინფიცირდა. ახალი კორონავირუსი პუტინის პრესმდივანს დაუდასტურდა. პესკოვი განმარტავს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან უკვე თვეზე მეტია, პირდაპირი შეხება არ ჰქონია.

რუსეთში, სადაც აშშ-ის შემდეგ ყველაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური სურათია, კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული სულ მცირე 4 პაციენტი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა სტატისტიკა შედარებით იკლებს ამერიკაში, თუმცა, ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგები პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ეკონომიკური საქმიანობის განახლების პროცესი არ დააჩქაროს.

ეკონომიკური ზარალის მინიმალიზაციას 7 მილიონზე მეტი ადამიანისთვის სამსახურის შენარჩუნებით აპირებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. თუმცა, პრემიერის მიერ წარდგენილმა გეგმამ მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია.