COVID-19 - ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა

სოციალური დახმარების სქემის შემდეგ, მთავრობამ ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმა წარმოადგინა. პანდემიის პერიოდში გააქტიურდება ჯერ კიდევ შარშან ამოქმედებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომლის ადრესატები მცირე და საშუალო მეწარმეები იქნებიან. მათ სახელმწიფო სესხის აღების დროს თავდებად დაუდგება, რისთვისაც პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 300 მილიონ ლარამდე გაზარდეს.

ცვლილებები შედის სესხის სუბსიდირების პროგრამაშიც და მანამდე არსებული 7 %-ის ნაცვლად, სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესს სესხის პროცენტს თითქმის სრულად დაუფინანსებს. იზრდება დაფინანსების ვადებიც. სიახლეა მიკროგრანტების პროგრამაშიც, რომელიც მცირე ბიზნესის დაწყების დროს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას გულისხმობს.

გაიზარდა გასაცემი გრანტების მოცულობა. „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში და ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმებში სახელმწიფო პრიორიტეტად ადგილობრივი წარმოების განვითარება-ხელშეწყობასა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აცხადებს.