ქობულეთში ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, სახელმწიფო სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით გაზრდილია და 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენს.
შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრია, საიდანაც ფერმერებს ხუთ თეთრს საწარმო უხდის. აჭარაში საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული ორი გადამამუშავებელი ქარხანა იბარებს.
ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს. შტაბი 1-ელ თებერვლამდე იმუშავებს. მიმდინარე პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ერთად გაეცნენ.