ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნა
 პროტესტის 29-ე დღეა – ჭიათურელი მაღაროელების აქცია გრძელდება. დილიდან ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ ისაუბრეს მოთხოვნებზე. სამი თვის კუთვნილი ხელფასის 60%-ის მიღება და უმუშევრობის პერიოდში საბანკო ვალდებულების ჩამოწერა. მოთხოვნების მიხედვით, მაღაროს მართვა უნდა გადაიბაროს მთავრობამ.
მაღაროელების განცხადებით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია სამმხრივი კომისიის შექმნის შესახებ, რომელშიც სახელმწიფო, პროფკავშირები და დამსაქმებელთა გაერთიანება შედის. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს გაირკვა, რომ უკვე შედგა კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა, თუმცა, მათ მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ. მაღაროელთა განმარტებით, მას შემდეგ, რაც ჭიათურაში მაღარო გაჩერდა, ქალაქში კრიზისია შექმნილი.