ბოროდიანკაში ორი სამარხი აღმოაჩინეს

ორი სამარხი აღმოაჩინეს ბოროდიანკაში. ნაპოვნია ცხრა ადამიანის ცხედარი, მათ შორის ერთი 15 წლის მოზარდია. ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ჩაირთო ქვეყნის უმეტეს რეგიონში. აფეთქებების ხმა გაისმა ხარკოვსა და მიკოლაევში. ორივე ქალაქი იბომბება. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, აღმოსავლეთით, მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს, რუსული ძალები საარტილერიო თავდასხმას განაგრძობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მძიმე ვითარებაა ლუგანსკშიც. ოკუპანტები დასახლება პოპასნაიაზე იერიშით მიიწევენ. ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეები რჩებიან, ევაკუაცია ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება. სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც რუს სამხედროებს ავალებენ, პოპასნაიაში ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროები დახვრიტონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები ხერსონის ოლქში ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციას გეგმავენ.