ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ყარაჯალარის მოსახლეობის ნაწილი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს

„კოვიდ-19“-ის რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ისევ გარდაბნის კლასტერს უკავშირდება. რაიონის ჩაკეტილ სოფელ ყარაჯალარში დღეს საპროტესტო აქცია მოეწყო. საკარანტინო ზონაში მცხოვრები ოჯახები სოფლის გახსნას ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვდნენ.

მარტო ყარაჯალარში, ბოლო პერიოდში, კორონავირუსის 37-შემთხვევაა გამოვლენილი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ათს ჩამოსცდა, ეპიდემიოლოგების საშემოდგომო პროგნოზები არცთუ ოპტიმისტურია. შესაბამისი უწყებების მთელი ყურადღება ახლა შესაძლო მეორე ტალღისთვის მზადებაზე და პრევენციული ზომების გაძლიერებაზეა გადატანილი.

დატოვე კომენტარი