„ბალტოპსი -2019“ - ბალტიური „სიურპრიზი“ რუსეთისათვის
„ბალტოპსი -2019“ - ბალტიური „სიურპრიზი“ რუსეთისათვის

ყირიმის მოვლენების შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოებამ ნატო-ს პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა. თუმცა, რუსეთის პოტენციური დომინაცია ამ რეგიონში არც ერთადერთი საფრთხეა და არც ახალი  შესაძლო საბრძოლო მოქმედებათა საზღვაო თეატრზე. ერთ-ერთი ასეთი თეატრია ბალტიის ზღვაც, სადაც 1971 წლიდან სამხედრო წვრთნები ბალტოპსი ტარდება.

ბალტოპსი ყოველწლიური საზღვაო  სწავლებაა, რომელიც ბალტიის ზღვის რეგიონს ფარავს და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 18 ქვეყანა მონაწილეობს. წლევანდელი სწავლება 9 ივნისს დაიწყო და 21 ივნისამდე გაგრძელდება. მისი მიზანია როგორც სადესანტო ოპერაციების (გადმოსხმა, პლაცდარმის დაკავება) დამუშავება, ასევე საჰაერო თავდაცვის ოპერაციები და პოტენციური მოწინააღმდეგის წყალზედა და წყალქვეშა გემებთან ბრძოლის სრულყოფა.

ბალტოპსის“ ფარგლებში, აშშ და ესპანეთის საზღვაო ქვეითებმა ესტონეთის  საწვრთნელი გადმოსხმა ესტონეთის სანაპიროზე ჩაატარეს. გადმოსხმაში  საზღვაო ქვეითთა 22-ე საექსპედიციო შენაერთის ქვეითები და ესპანეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მე-2 ბატალიონის სამხედროები მონაწილეობდნენ. გადმოსხმა განხორციელდა აშშ სადესანტო ხომალდიდან „Fort McHenry“ .

წლევანდელ სწავლებაში 44 სამხედრო გემი, 12000 სამხედრო მოსამსახურე, 40-მდე ვერტმფრენი და თვითმფრინავია ჩართული . წვრთნების ხელმძღვანელობა დაკისრებული აქვს მე-2-ე ოპერატიული ფლოტის სარდლობას. საინტერესოა, რომ აღნიშნული ფლოტი ცივი ომის მერე არ ფუნქციონირებდა და სულ ცოტა ხნის წინ  გადაწყდა მისი აღდგენა.

სწავლებათა უშუალო ხელმძღვანელობა ხორციელდება აშშ საშტაბო ხომალდიდან „Mount Whitney“, რომელიც მაისის ბოლოდან წვრთნების რაიონში იმყოფება. უნდა აღინიშნოს, რომ ა.წ. აპრილიდან, ბალტიის ზღვაში მუდმივ პატრულირებას ახორციელებს ნატო-ს პირველი მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშია  აშშ საზღვაო ფლოტის გამანადგურებელი „Gravely“ და დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ფრეგატი „Westminster“, ასევე, ესპანური ფრეგატი „Juan de Burbon“, თურქული ფრეგატი „Gekova“  და პოლონური ფრეგატი „K.Pulask“. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ს გამანადგურებელი (მწყობრშია 2010 წლიდან, 10 ათას ტონამდე წყალწყვა, სიჩქარე – 32 კვანძი ) აღჭურვილია 1600 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსის მქონე ფრთოსანი რაკეტებით „Tomahawk“ (59 რაკეტა). არანაკლებ შთამბეჭდავია ბრიტანული „Westminster“: მოდერნიზებულია 2016 წელს, 4900 ტონა წყალწყვა,  სიჩქარე – 28 კვანძი, ცურვის მანძილი (ეკონომიური სვლით) – 9 ათასი საზღვაო მილი. მოდერნიზაციის შედეგად მასზე დაყენებულია ახალი საზენიტო სარაკეტო სისტემა და კონტეინერები ახალი მძიმე, ზებგერითი რაკეტესებისათვის, მოდერნიზაცია გაიარა ასევე 114 მილიმეტრიანმა საარტილერიო დანადგარმა „Mk8“ .  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფრეგატი აღიჭურვა ახალი სარადარო სისტემით, რომელიც საშუალებას იძლევა 200 მეტრიდან 200 კმ-დე მანძილზე 800-მდე ობიექტი აკონტროლოს. რუსეთის რეაქცია შედარებით თავშეკავებულია (ანალოგიურ ვითარებასთან შედარებით შავ ზღვაში). თუმცა, როგორც იუწყებიან, საბრძოლო მორიგეობაზეა დაყენებული ბალტიის ფლოტის ხომალდები და სანაპირო სარაკეტო კომპლექსები „ბასტიონი“ და „ბალი“

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.