ავღანური გაზაფხული
ავღანური გაზაფხული

მოჩვენებითი მშვიდობის შემდეგ ავღანეთში საბრძოლო მოქმედებები ისევ გააქტიურდა. ტერორისტების სამიზნეს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა არასოდეს წარმოადგენდა, თუმცა აპრილის თვეში როგორც სამიზნეების, ასევე მსხვერპლის რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა. „თალიბანმა“  მოქმედებების ახალი ფაზა დააანონსა და ყატარში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიღწეული შედეგების მიუხედავად, „ამერიკელი ოკუპანტების“ ქვეყნიდან განდევნას ძალისმიერი მეთოდებით აქტიურად განაგრძობს.

აპრილში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ავღანეთში, სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად, დაღუპულია 114 ძალოვანი, 10-მდე მშვიდობიანი მოსახლე და 50-მდე  „თალიბანის“ მებრძოლი, იუწყება „ნიუ-იორკ ტაიმს მაგაზინი“. ასევე იუწყებიან რომ ავღანეთის 65-მდე სამხედრო მოსამსახურე, პოლიციელი და დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი ტყვედ დანებდა ამბოხებულებს.

მძიმე ბრძოლები 10 დღე  გრძელდებოდა ტაჯიკეთის საზღვართან, პროვინცია ბადღისში (ავღანეთის დასავლეთი პროვინცია). მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანებმა შეძლეს ამბოხებულთა განდევნა  რაიონული ცენტრიდან  , შემოგარენის გაწმენდა ვერ მოხერხდა. ბრძოლები ავიაციის მხარდაჭერით გრძელდებოდა. იტყობინებიან, რომ შედეგად დაიღუპა  თალიბანის 35 მებრძოლი, ხოლო 22 დაიჭრა, განადგურდა საბრძოლო მასალების საწყობი. თუმცა, როდესაც მდგომარეობა გაუარესდა, ეროვნული უშიშროების სამმართველოს 20-მდე თანამშრომელი, 11 პოლიციელი და 20-მდე სამხედრო დანებდა ამბოხებულებს.

ამბოხებულთა შეტევითი ოპერაციები მიმდინარეობდა ასევე ყუნდუზსა და ბადახშანში (ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინციები). ძირითადად, სამიზნეებს წარმოადგენდა სასოფლო დასახლებების პოლიციის პოსტები და სასაზღვრო საგუშაგოები. კერძოდ, გასული კვირის განმავლობაში მხოლოდ ყანდაღარის პროვინციაში (სამხრეთ-აღმოსავლეთი) მოკლული იქნა 18-მდე მესაზღვრე. ასევე ცნობილი გახდა ლოგარის პროვინციაში (ცენტალური პროვინცია) ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ. თუმცა, თავად ამერიკელები  ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას.

9 აპრილის მონაცემებით, ჩრდილოეთ ავღანეთში თავდასხმა მოხდა ავღანეთის ეროვნული არმიის პოსტზეც, შედეგად დაიღუპა 5 სამხედრო მოსამსახურე და დაიჭრა 8.

11 აპრილს, ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ვითარების სტაბილიზაციის მიზნით,  ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, შეიქმნა ახალი სამხედრო შენაერთი,  პამირის  217-ე საარმიო კორპუსი.

 როგორცა ჩანს, შედარებითი სიმშვიდის პერიოდი ავღანეთში დასასრულს უახლოვდება. რა მოქვს ზაფხულს, ამას დრო აჩვენებს. გაცილებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ძალებში მოქმედი ქართული კონტინგენტის ბედი, რომელიც 2015 წლიდან  ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობს და  რომელიც ერთი ბატალიონით და ორი ასეულით არის წარმოდგენილი, განლაგებულია მაზარი-შარიფში (ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ბალხი),  ბაგრამის ავიაბაზაზე (ცენტრალური ავღანეთის პროვინცია ფარვანი) და ქაბულში (ასევე ცენტრალური ავღანეთის პროვინცია). ბრძოლებში ჩაბმა  ქართულ-ამერიკული  კონტინგენტის კონვოისაც მოუწია, სადაც სამი ამერიკელი საზღვაო ფეხოსანი დაიღუპა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართული კონტინგენტისთვის თავდაპირველი სამხედრო ამოცანების თვისობრივი ცვლილებების მიუხედავად, როგორც კონფლიქტის ნებისმიერ ზონაში, სიმშვიდე აქაც დროებითია.

ერთი შეხედვით, მიმდინარე მოვლენები ჩვენს კონტინგენტს,  არ ეხება. თუმცა,  არის ეს თუ არა სიმშვიდის საფუძველი, მოვლენათა განვითარება დაგვანახებს: ომი, რომელსაც თალიბები აწარმოებენ, განსხვავებულია და მასში ვერც დარტყმისთვის შერჩეულ სამიზნეს გათვლი და ვერც ძირითადი შეტევის მიმართულებას. არ არის გამორიცხული, ყველაფერი, რაც ავღანეთის განაპირა პროვინციებში ხდება, მასშტაბურ შეტევებამდე  ყურადღების გადატანას ემსახურებოდეს.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი